იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაკვეთით, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.

სასამართლოს შენობის და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის გათვალიწინებით, დეპარტამენტმა მოამზადა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა როგორც შენობის გარე პერიმეტრზე, ისე ინტერიერში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.

ვინაიდან სასამართლოს შენობა მდებარეობს ცენტრალური გზის პირას, შენობის ფასადის ზედაპირი ადვილად იმტვერება და ნესტიანდება. არსებული მდგომარეობის გათვალიწინებით, ფასადის და შენობის შემომსაზღვრელი ღობის ზედაპირები დამუშავდა სოკოს საწინააღმდეგო ხსნარებით, გაიწმინდა, აღდგა დაზიანებული ადგილები იგივე ვიზუალის ფაქტურით და შემდგომ შეიღება მაღალი ხარისხის თვითრეცხვადი, ელასტომერული საღებავით. შეიცვალა ცენტრალური კარი, რომელიც ადაპტირდა შშმ პირთა სარგებლობისთვის. შენობისთვის წყლის არიდების მიზნით დაემატა სანიაღვრე არხები. პროექტის ფარგლებში განახლდა სასამართლოს შენობის პორტალი, მოეწყო განათებული სიმბოლიკები-გერბი და წარწერები. შენობაში სრულად განახლდა ელექტრო გაყვანილობის სისტემა, მოძველებული ალუმინის ელ. სადენები შეიცვალა, სპილენძის შესაბამისი კვეთის სადენებით. მთელს სასამართლო შენობაში განახლდა ინტერნეტ ქსელი. სამივე სართულზე გარემონტდა ყველა სამუშაო ოთახი, სხდომათა დარბაზები, დერეფნები.

საბადგრაგო სივრცეში, კერძოდ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მოსაცდელ საკნებში და დერეფანში ხელოვნური ვენტილაციის სისტემის გაუმართაობის გამო, დანესტიანებული იყო კედლები და ჭერი. პროექტის მომზადებისას განისაზღვრა საკნებში და საბადრაგოს ნაწილში მოცემული ჰაერის მოდინება-გაწოვის რაოდენობა, რომელიც მიღებულ იქნა საპროექტო ფართის საჭირო ჰაერცვლისა და სივრცეში მყოფი ადამიანების რაოდენობის დათვლის საფუძველზე. ახლად მოწყობილმა ხელოვნური ვენტილაციამ გაითვალისწინა ყველაზე ოპტიმალური გზა ჰაერის ასაღებად/გასაწოვად, სუფთა ჰაერის დამუშავებისთვის/გასათბობად მოდინებით ხაზის მოსაწყობად. დამონტაჟდა ჰაერსატარები, ხმაურდამხშობები, გამწოვი ვენტილატორები. გარემონტებული საბადრაგო სივრცე აღიჭურვა ანტივანდალური სანათებით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მოსაცდელ საკნებში მოეწყო სკამები.

რეაბილიტირებული სასამართლოს შენობა აღიჭურვა შესაბამისი ავეჯით.